ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს”: რატომ დატოვა პირდაპირი ეთერი უნივერსიტეტის რექტორმა

ახალმა რექტორმა გია შარვაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კურიერის პირდაპირ ეთერში სტუდენტების პრეტენზიების მოსმენა ბოლომდე არ ისურვა და პირდაპირი ეთერი დატოვა. კამათი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს მოჰყვა.

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცვლილებებს ისევ ითხოვენ. მოთხოვნები სწავლის ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი ცოდნის მიღებაა, ასევე თვითმმართველობის რეფორმა და აკადემიური კორუფციის აღმოფხვრა.

ახლადდანიშნულ რექტორს სტუდენტების მოთხოვნებზე აუდიტორია 115-ის წევრი გიორგი არობელიძე ესაუბრა.

„ჩვენ ჩინოვნიკები გვპირდებიან, გვეუბნებიან რომ გვაქვს კარგი მოთხოვნები და აუცილებელია მათი შესრულება მოხდება, თუმცა, არც ერთი ნაბიჯი წინ არ იდგმება. თავად შარვაშიძესაც მარტის აქციებიდან დღემდე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს,“ – განაცხადა „აუდიტორია 115-ის“ წევრმა გიორგი არობელიძემ.

თავად გიორგი შარვაშიძე სტუდენტებს “პოლიტიკურად მართულებს” უწოდებს და პროტესტის გამოხატვის ფორმას უწუნებს. რექტორი ამბობს, რომ სტუდენტების მოთხოვნების 80% ემთხვევა იმ კონცეფციას, რაც მას, როგორც ახალ რექტორს აქვს შემუშავებული. შარვაშიძე სტუდენტებს მოუწოდებს ამ დოკუმენტზე მუშაობაში ჩაერთონ.

დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის პირველი დღე პროტესტის ფონზე დაიწყო. პირველკურსელების დაჯილდოება „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა საპროტესტო აქციით ჩაშალეს. თუმცა მოგვიანებით რექტორმა გია შარვაშიძემ და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაჯილდოების ცერემონია უნივერსიტეტის შენობაში მაინც აღავლინეს.

იტვირთბა....