2 ოქტომბერს თბილისში შესაძლო “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ერთდროულად გაიმართოს.
„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ოფიციალურად არ ასახელებს თარიღს თუ როდის გამართავს შემაჯამებელ აქციას. როგორც ცნობილია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი აქცია 2 ოქტომბერს რუსთაველის და თავისუფლების გამზირების მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაანონსა და „ქართულ ოცნებას“ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისთვის ერთი დღე მისცა, თუმცა მმართველ გუნდს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სავარაუდოდ „ქართული ოცნება“ დასკვნით აქციას 2 ოქტმბერს გამართავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
“ჩვენ თარიღი არავის ჯინაზე განგვისაზღვრავს. ძალიან დიდი ხანია ვგეგმავდით და ჩვენც გვქონდა დაანონსებული. იმაზე საუბარი, რომ ვიღაცის საპირწონედ ვნიშნავთ რაიმე ღონისძიებას, არასწორია. ოქტომბრის დასაწყისში უნდა ყველას შემაჯამებელი ღონისძიების გამართვა. 1 ოქტომბერი ჩვენთვის “ქართული ოცნების” გამარჯვების 4 წლისთავია და მაგ კუთხით გარკვეულ მობილიზებას რაიონებში ვაპირებთ და 2 ოქტომბერი იყო ლოგიკური, რომ დაგვესახელებინა”.-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ფოფხაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საკუთარი აქცია “ნაციონალური მოძრაობის” აქციის ჩატარების დროსა და ადგილს დაამთხვიოს.
“უკვე ორი დღეა ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ დაასახელონ თარიღი თუ როდის ატარებენ დასკვნით აქციას თბილისში. ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლად 5 ოქტომბრისა, ისინი ჩვენს თარიღს ამთხვევენ და 2 ოქტომბერს გეგმავენ აქციას. 5 ოქტომბერი სამუშაო დღეა და ისინი ვერ ახერხებენ საჯარო მოხელეების მობილიზებას თბილისის ცენტრში.”-ამბობს მელია.