რუსმა სამხედროებმა მიატოვეს T-72 ტანკი, რომელიც საწვავის არ ქონის გამო ჩაუქრათ, როცა უკრაინელების შეტევას გაურბოდნენ. უკრაინელმა ჯარისკაცებმა საბრძოლო მანქანა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართეს. უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის ცნობით, უკანდახევის დროს რუსმა სამხედროებმა ბრძოლის ველზე მუშა მდგომარეობაში მყოფი T-72 ტიპის ტანკი მიატოვეს, რადგან მას უბრალოდ საწვავი გაუთავდა.
“ეს T-72 ტანკი განსაკუთრებულია – ის ნადავლია. და ჩვენმა ბიჭებმა ის ყოველგვარი გასროლის გარეშე მოიპოვეს. ყველაფერი იმიტომ, რომ რუსულ მანქანაში საწვავის მაჩვენებელმა ნულს მიაღწია“ – განაცხადეს უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალებში.
ტანკის ხელში ჩაგდების შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა მისი ევაკუაცია მოახდინეს, საწვავით გამართეს და ბრიგადის სარემონტო ქვედანაყოფში გადაიყვანეს. იქ მანქანას სრული ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა და ბრძოლის ველის თანამედროვე პირობებს მოერგო.
T-72-მა მიიღო დამატებითი ანტიდრონული დაცვა, შემოწმდა და შეკეთდა მისი ძირითადი სისტემები, ხოლო ჯავშანი გაძლიერდა, რათა ეკიპაჟი უკეთ იყოს დაცული FPV-დრონებისგან.
მოდერნიზაციის შემდეგ ტანკი მწყობრში ჩადგა და ამჟამად საბრძოლო მისიებს სლოვიანსკის მიმართულებით ასრულებს – ამჯერად უკვე მისი ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ.

