კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის, „საგურამოჰესის“ მშენებლობა დაასრულა.
“საგურამოჰესი“ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთავარი აქციონერის, GWP-ის ასპროცენტიანი წილის მფლობელი საინვესტიციო ჯგუფის “ბიჯეო“ მხარდაჭერით ააშენა.
“ბიჯეო ჯგუფმა“ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჯამში უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რამაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მის გაფართოებას და განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 32 მილიონი კილოვატსაათი.
კომპანიის ინფორმაციით, “საგურამოჰესის“ ტურბინა გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები ავსტრიულმა კომპანიამ დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ქართულმა სამშენებლო კომპანია „სპეცჰიდრომშენმა“ განახორციელა.
ახალი ჰესი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, “საგურამოჰესის“ მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ დამატებით 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ასეთი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობს მისაღწევად.