ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავჩუმდეთ“

“ჩვენ არ ვაპირებთ, რომ  გავჩუმდეთ” – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. ამით  ის  ამავე პარტიის წევრის და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წერილსა და ყოფილი პრმიერის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა.

ხიდაშელის განმარტებით, წერილი არის დასტური იმისა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას”  „ქართულ ოცნებასთან“ ცივილური გაყრა სურდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს კამპანია ამ ტონალობაში მიმდინარეობს, თუმცა ეს არ იყო რთულად წარმოსადგენი მაშინაც და ამ წერილში ამაზეც არის საუბარი, რომ ჩვენ და დათო პირადად დაინტერესებული ვიყავით იმაში, რომ გაყრა ყოფილიყო ცივილიზებული, ევროპული. მოსახლეობასთან გვესაუბრა პენსიებზე, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, საგარეო პოლიტიკაზე, ევროატლანტიკურ სივრცეზე, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე და არა იმ რეჟიმში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ვინაიდან მოვისმინეთ წარმოუდგენელი, შეურაცხმყოფელი ბრალდებები, რა თქმა უდნა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავჩუმდეთ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.

წერილში საუბარია ”რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.

 

იტვირთბა....