ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს დღეს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ძალიან სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანები თავის პირად ინტერესს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე სტუდენტების ინტერესს.
მინისტრის განცხადებით, როცა ბრალდებები არჩევნების პროცესის კანონდარღვევას ეხება, მნიშვნელოვანია მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც კონკრეტული ადამიანები თავის პირად ინტერესს აყენებენ უფრო მაღლა, ვიდრე სტუდენტების ინტერესს, ქვეყნის და საგანმანათლებო სისტემის ინტერესს. მე ვთვლი, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე, მათ შორის არჩევნებს შეეხება ეს თუ სხვა რამეს, გვაქვს სასამართლო და სასამართლომ უნდა დაადგინოს,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. მათი თქმით, რექტორი და აკადემიური საბჭოს 5 წევრი ზედიზედ მესამე ვადით, კანონის დარღვევით აირჩიეს.