თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შენობა ქველმოქმედი ბიზნესმენის მიერ აშენდა, ხოლო თუკი, შენობის მშენებლობის პროცესში იყო ხარვეზები, გაირკვევა კომპანიის ხელმძღვანელებთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან.
მისი თქმით, თურქეთის საელჩო ყველა საკითხთან დაკავშირებით კონტაქტზეა საქართველოს განათლების სამინისტროსთან.
“ჩვენი პრიორიტეტია სკოლამ იფუნქციონიროს და ბავშვებმა მიიღონ განათლება. ეს არ იყო ოფიციალური გახსნა. ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვესწრო, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე, თურქეთის მხარე. ჩვენი საელჩო თბილისში კავშირზე იყო, მუშაობდა ამ პროცესზე საქართველოს განათლების სამინისტროსთან.
რა თქმა უნდა, იქნება ქართული ენის შესწავლა, ჩვენი მიზანია ამ სკოლის კურსდამთავრებულები სრულად ფლობდნენ ქართულ ენას და ასევე იცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი თურქეთსა და საქართველოს საზოგადოებას შორის”, – აღნიშნა იასინ თემიზქანმა.
კონსულის თქმით, სკოლა თურქეთის მოქალაქეებს ემსახურება და სასწავლო დაწესებულებაში ამ ეტაპზე 170 მოსწავლე ირიცხება.
“2016 წლის 19 სექტემბერს გავხსენით თურქული სკოლა. ეს სკოლა ექვემდებარება თურქეთის საელჩოს თბილისში და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება თურქეთის მოქალაქეებს. თურქეთის მოქალაქეების შვილებმა უნდა ისწავლონ ამ სკოლაში. 24 საკლასო ოთახია, 25 მასწავლებელთან ერთად დავიწყეთ სასწავლო პროცესი. პირველ ეტაპზე 170 მოსწავლეა, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით გარკვეულ პროცესს თვალყურს ადევნებდა თურქეთის საელჩო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად. თურქეთს გააჩნია უამრავ ქვეყანაში სკოლები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, რომ საზღვარგარეთ ჩვენი სკოლების რაოდენობა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ღრმავდება და განათლების სფეროშიც გვინდა გავაღრმავოთ ურთიერთობა. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში თურქეთში გაიხსნას ქართული სკოლები, რომელიც მოემსახურება ქართველებს. რა ბრძანებასაც საელჩო გასცემდა, იმ დოზით ვიყავით საქმეში ჩართული”, – აღნიშნა იასინ თემიზქანმა.
ცნობისთვის, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ გახსნილი თურქული სკოლისგან ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას ითხოვს. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის სამმაგი ჯარიმის ოდენობით – 9 000 ლარით.

