ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„კანონდარღვევით სკოლის კი არა, არაფრის მშენებლობა არ უნდა მოხდეს“

„კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში ახალი თურქული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში გახსნილი თურქული სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული არ არის, თუმცა მისი თქმით, საქართველოში ასეთი არაერთი სკოლა არსებობს. მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ თურქეთის საელჩოს მოუწოდეს, სკოლას ავტორიზაცია ქართული კანონმდებლობით გაევლო.

„თურქეთის საელჩოს ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ სკოლის გახსნის სურვილი ჰქონდათ, ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ ამ სკოლას ქართული კანონმდებლობით გაევლო ავტორიზაცია, ყოფილიყო ქართული სკოლა, ამაზე პრინციპში შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. ფაქტი, რომ თურმე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია. კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არაფრის მშენებლობა და გახსნა არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილია კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ასევე ჩემთვის ძალიან მიუღებელია, რომ სკოლის მესვეურებმა გადაწყვიტეს არ დაეპატიჟათ განათლების სამინისტროს არც თბილისის, არც ადგილობრივი წარმომადგენელი ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არ არის ისე, როგორც ზოგადად საქმე კეთდება. ეთიკის, ჩვენი და თურქი ხალხის მეგობრობის კონტექსტშიც შეიძლება ვთქვათ, რომ არასწორია. მიუხედავად ყველაფრისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვაგვარებთ. თურქეთის დიპლომატიურ კორპუსთან და თურქეთის სახელმწიფოსთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ჩვენ ამ სირთულეს გადავლახავთ და მივიღებთ ქართული კანონმდებლობით სრულად აკრედიტებულ, გამართულ, ძალიან კარგ სასწავლო დაწესებულებას“, – განაცხადა  ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ გახსნილი თურქული სკოლისგან ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას ითხოვს.  მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო ნებართვის უქონლობის გამო სკოლა რამდენჯერმე დააჯარიმა, მათ შორის სამმაგი ჯარიმის ოდენობით – 9 000 ლარით.

ახალი სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე წარიმართება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.

იტვირთბა....