”ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს:
”თითქმის სამი თვე გავიდა, რაც მე პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა. ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად, რაც მთავარია მანამდე უმნიშვნელო დეტალებზე დასაკვირვებლად. სამყაროში პოზიტიური და ნეგატიური ენერგია თანაბარია, დანარჩენი განწყობაზეა, თუ რომლის აღქმა უფრო სურს ადამიანს. გლდანში ბევრად მეტი დადებითი პიროვნება გავიცანი, ვიდრე უარყოფითი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყურადღების ყველანაირ გამოხატვას ასმაგად აფასებ და მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმ ხალხის, ვისი იმედიც მქონდა, არამარტო გაამართლა ჩემი ვარაუდი, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა! მე ვამაყობ ასეთი მეგობრები რომ შემხვდა ! მე ვამაყობ ასეთი ოჯახი რომ მყავს! მე ვამაყობ ქართველი რომ ვარ! ზუსტად ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან! ჩვენ გვიცავს კავკასიონი და შინაგანი მორალური კოდექსი, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს!”, – წერს გუკა რჩეულიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ” ცენტრ პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილს, “ცენტრ პოინტი” აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელსა და კომპანიის გაყიდვების ყოფილ მენეჯერ სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.