თბილისის მერია თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატების „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით დაფარვის ფაქტს ეხმაურება.
“მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. თამარ ხიდაშელის სააგიტაციო პლაკატები, სწორედ, დადგენილი წესის დაცვით იყო გაკრული.
ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა ისჯება ფულადი სანქციით, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი“. ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ქმედებაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რეაგირება მოხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სამომავლოდ, დადგენილი წესით დაჯარიმდება ყველა ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში დაარღვევს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგადი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ 2014 წლის 5 დეკემბრის N16-38 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებს მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახური დღეს გამაფრთხილებელი შინაარსის წერილითაც მიმართავს”.-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, “რესპუბლიკური პარტიის” ინფორმაციით, 18 სექტემბერს დიდ დიღომში, პეტრე იბერისა და მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატები მიზანმიმართულად დააზიანეს და დაფარეს საარჩევნო სუბიექტის “დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ერთერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით.