„ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა“- ამის შესახებ ადამიანი უფლებათა ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.
ცენტრი არასრულწლოვანი ორსული გოგონას გაუპატიურების საქმეზე დამნაშვე პირისთვის ბრალის დაუყოვნებლივ წაყენებას ითხოვს.
„ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა. ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც მას დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და დასკვნის შინაარსი გააცნო. მარნეულის პოლიციის სამმართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 9 მოწმე. მიუხედავად ამისა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს. ადამიანის უფლებათა ცენტრი რეაგირების მიზნით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ითხოვს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ, დაუყოვნებლივ იქნას წაყენებული ბრალი“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

