ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევის თანახმად ბავშვთა შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%-ია ჩართული

2015 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი. კვლევა ემყარება გაერთიანებული ერების კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტალურ კონვენციებს ბავშვთა შრომის აკრძალვისა და აღმოფხვრის შესახებ.

საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის ჩატარების მიზანი ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზების და შედეგების შეფასებაა.

კვლევის მიხედვით, 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2% ჩართულია ბავშვთა შრომაში, მათ შორის ბიჭების 6.3% და გოგონების 1.9%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების ნახევარზე მეტი (51.8%) 5-13 წლისაა (მსუბუქი სამუშაოსთვის დასაშვები მინიმალური ასაკის ქვევით). ბავშვთა დასაქმების სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის დომინირების გამო, სოფლის ტიპის დასახლებებში გაცილებით მეტი ბავშვია ჩართული ბავშვთა შრომაში, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. კერძოდ, ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვებიდან 84.0% ცხოვრობს სოფელში, ხოლო 16.0% ქალაქში. ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 63.9% „სახიფათო სამუშაოს“ ასრულებს, ხოლო 36.1% ჩართულია „სახიფათოსგან განსხვავებულ ბავშვთა შრომაში“. 5-13 წლის ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვებიდან 31.6% სახიფათო შრომითაა დაკავებული, ხოლო 68.4% სახიფათოსგან განსხვავებული ბავშვთა შრომით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დასაქმებისთვის დასაშვები მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 16 წელს შეადგენს, ბავშვთა შრომაში ჩართული 16-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების 100% სახიფათო შრომის კატეგორიაშია მოხვედრილი. სქესის მიხედვით, „სახიფათო შრომით“ დაკავებულია ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების 67.4% და გოგონების 51.4%. ქალაქის ტიპის დასახლებებში „სახიფათო სამუშაოს“ ასრულებს ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 78.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 61.1%.

საქსტატში აცხადებენ, რომ დასაქმებული ბავშვების უმრავლესობა დასაქმების მიზეზად ასახელებს ოჯახურ საწარმოს/მეურნეობის დახმარებას და ოჯახის შემოსავლის გაზრდას. ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების მშობლების განათლების დონე შედარებით დაბალია არამომუშავე ბავშვების მშობლების განათლების დონესთან შედარებით. სიღარიბე და დაბალი შემოსავალი არის ბავშვთა შრომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

 

იტვირთბა....