საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
„მემორანდუმის თანახმად, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობის გზით ხელი შევუწყოთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების უსაფრთხო, მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ასევე ჩავატარებთ ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღევანდელ დღეს საქართველოს საარჩევნო ისტორიაში „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“ უწოდა.
„დღეს ჩვენ თანამშრომლობის და განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავედით. ვინაიდან, მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველვყოთ ყველასთვის. ჩვენი მიზანია 8 ოქტომბერს, არჩევნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს, დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც თითოეულ მათგანს თავისუფალ გარემოში შეეძლება საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ჩვენ, ცესკო და შსს აბსოლუტურად ვაცნობიერებთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, მისი განუხრელი დაცვის აუცილებლობას და სწორედ დღევანდელი შეთანხმებით ვაპირებთ აღნიშნული ვუზრუნველვყოთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ასევე ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.