ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ალეკო ელისაშვილსა და დავით ზურაბიშვილს პროკურატურასთან კითხვები აქვთ

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი პროკურატურას მიმართავენ.

ისინი მოითხოვენ პასუხს კითხვებზე, რომლებიც ერთი თვის წინ, თბილისში ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემდეგ გაჩნდა.

„სამი კითხვა მაქვს პროკურატურასთან, რა დაადგინა ექსპერტიზამ, ის ხეები იყო გამხმარი თუ ჯანსაღი? იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი ამ ხეების მოჭრით, თუ დანაშული იყო ჩადენილი? ვინ იყო დამნაშავე და როგორ უნდა აგოს პასუხი?”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატები ვარაუდობენ, რომ პროკურატურა პროცესს განზრახ აჭიანურებს და მერიისგან ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

„გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ხეების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე, პირდაპირ ხელფასს იღებს, რომ ხეები არ მოჭრან. უხერხული და სირცხვილია, როდესაც ნინო სულხანიშვილი ისევ თანამდებობაზე რჩება,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ ყაზბეგის გამზირზე ხეები მოჭრეს, რასაც მოძრაობა „პარტიზანი მებაღეებისა“ და მოქალაქეების პროტესტი მოყვა. აქციის წევრები ამბობდნენ, რომ ჯანმრთელი ხეები მოიჭრა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....