2016 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 059,8 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,0 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 0,7 პროცენტით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს.
საქსტატის ცნობით მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა – 16,6 პროცენტი და ვაჭრობა – 15,1 პროცენტი. შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,6 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4%), სახელმწიფო მმართველობა (9,2 %), მშენებლობა (8,5 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 %).
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1%), მშენებლობა (12,8%), სასტუმროები და რესტორნები (10,8%), საფინანსო საქმიანობა (9,4%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,7%), დამამუშავებელი მრეწველობა (8,3 %). კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-5,8 %) და ვაჭრობაში (-2.8 %). 2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით.