რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოს უწოდებს სამოქალაქო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე მოუწოდა სათანადო რეაგირებისკენ.
„საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა საქართველოს მთავრობამ შესაბამისი რეაგირებისკენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და იხსნება საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყველა ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან მოჰყვება მკვეთრი რეაგირება და იმის ცალსახად გაცხადება, რომ ეს არის უკანონო პროცესი,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ პროვოკაციულ ქმედებაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„ამ არჩევნების ჩატარებით რუსეთი ადასტურებს, რომ არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომ არად აგდებს საერთაშორისო სამართალს და არად აგდებს საქართველოს პოზიციას ამ თემაზე. ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ კარგი დადასტურება იმისა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა ვითომ დაყვავების რუსეთთან, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მომდევნო აგრესია ჩვენს მიმართ, არ ამართლებს,“ – განაცხადა კაპანაძემ.