ახალი ამბები მთავარი

ივანიშვილი, კვირიკაშვილი, უკანონო მოსმენები და დესტაბილიზაციის საფრთხე: პრეზიდენტის ინტერვიუ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.

მან პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეაფასა:
„მე კვირიკაშვილს სწორედ იმ კონტექსტში ვაქებ, რომ მასთან მუშაობა შემიძლია. კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ, საკითხები გავიაროთ, ვეკამათოთ ერთმანეთს, არ დავეთანხმოთ, რაღაც მოვიტოვოთ მერე განსახილველად… ეს არის ორ პოლიტიკოსს შორის მუშაობის კონტექსტი. მე მახარებს, რომ კვირიკაშვილთან მაქვს სამუშაო ურთიერთობა. მე როდესაც ვინმე არ მომწონს, მას საერთოდ არ ვიხსენიებ და ღიად არ გამოვთქვამ ნეგატივს და აგრესიას, მაგრამ პოზიტივის ნაწილში კი – კვირიკაშვილთან შეიძლება მუშაობა პოლიტიკაზე, თემებზე, შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მე არ შემიფასებია კვირიკაშვილი, როგორც პრემიერი – არ მითქვამს, კარგია თუ ცუდია, მე ვაქებ მას როგორც პოლიტიკოსს, რომელთანაც მუშაობა არის შესაძლებელი და ეს ღირსება ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრს არ აქვს, რომ შეგეძლოს მუშაობა. ასევე შეიძლება უსუფაშვილთან მუშაობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, არაფრით არ ამოიწურება კვირიკაშვილითა და უსუფაშვილით იმ პოლიტიკოსთა ჩამონათვალი, რომლებთანაც „მუშაობა შეიძლება“, თუმცა, როგორც განმარტა, ძირითადად მისი „სამუშაო გარემო უფრო უსუფაშვილ-კვირიკაშვილია“.

პრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე ურთიერთობებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს:

“მე რომ ვისაუბრო რაიმე ტიპის არაფორმალურ მმართველობაზე ან ბიძინა ივანიშვილის რაიმე ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უნდა მქონდეს ფაქტები ანუ ვიცოდე და ვიცოდე არა ყურმოკვრით, არა ისე, რომ ვიღაცამ ამბავი მომიტანა, არამედ უნდა დავეყრდნო ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი საუბარი იქნება მოსაზრებები, ჭორაობა. მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა არც ერთ ეტაპზე, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ვიყავი მინისტრი და ის იყო პრემიერ-მინისტრი.

არ ვაპირებ ჩემს პიროვნულ გრძნობებზე საუბარს, ამის საჯაროდ განხილვას. მე მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან სასაუბრო აქვთ – არა პოლიტიკური, არამედ პიროვნული: ვიღაცა ნაწყენია, გულაცრუებულია, ამისთვის არსებობს პირადი დიალოგი. არ არის საჭირო ყველა ერთმანეთს ტელევიზორით ვესაუბროთ. ეს ხომ არ არის კარგი ტენდენცია, როცა ერთმანეთს ტელევიზორით ვლანძღავთ? “-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არ ფრთხილობს, როცა ტელეფონზე საუბრობს:

“როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობ, არ ვფილტრავ, ცენზურას არ ვუკეთებ ჩემს ტექსტს. როდესაც სპეცსამსახურები მუშაობენ, მოიპოვებენ ინფორმაციას ან სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, ან დივერსიის შესახებ, ეს სპეცსამსახურების საქმეა. მაგრამ ეს სიბინძურე, რომლის ავტორები ვერც ბედავენ, რომ თავის თავი აჩვენონ, დამალულად ამ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებით მიაწვდიან და ასე ცდილობენ საზოგადოებაზე ზეგავლენას, ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გაკეთებული განცხადებები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს:

“როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, პასუხი არ უნდა იყოს მარტო ქილიკი. მე ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები ხოლმე, როცა არის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები. ეს არ შეეხება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. მინდა გაგახსენოთ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა უკვე განცხადება და უკვე მერამდენედ. უმაღლესი თანამდებობის პირი – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა განცხადებას და რა რეაქცია იყო პოლიტიკური სპექტრისგან? – შაყირი, სკეპტიციზმი, ენამახვილი და ენაკვიმატი პასუხები იყო. ასეთი ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებაზე არაფერს ჩვენ არ გვმატებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ათასი გამოწვევა, მათ შორის საგარეო და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას, ჯობია, რომ დავუკვირდეთ, გავაანალიზოთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეთ ამა თუ იმ სიტუაციიდან. ჩვენ უნდა შევეცადოთ და ამ ზეპირსიტყვიერი შაირიდან გადავიდეთ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგზე. არ ჯობია, რომ ჩვენ გადავიდეთ ურთიერთობის უფრო ცივილიზებულ ფორმაზე და მაგალითად, დეტალურად გავიაროთ, რას გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრი?“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....