ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მერაბ ბერძენიშვილი დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: “რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), “რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია);
მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), “მუზა” (ბრინჯაო, 1971, თბილისი), “კიდევაც დაიზრდებიან…” (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური “მარჯანიშვილი”). წარმატებით მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებს წიგნებს, ქმნის დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.
მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერმა მწუხარება გამოთქვა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მოქანდაკის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.