”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივანმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ გორში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მისი ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს:
”გორში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა, სადაც ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.
ხელისუფლებამ ბადრი ბასიშვილს დაახვედრა ზონდერები, კონკრეტულად დაახვედრა მოჭიდავეები და სპორტსკოლის წარმომადგენლები. ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდა მალხაზ მეტრეველი. ეს ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში და მას დავალებული აქვს ამ ზონის კონტროლი. მოჭიდავეების და სხვა ზონდერების დახმარებით ისინი ცდილობდნენ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი არ შეეშვათ სოფელში და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
საპასუხოდ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ფლავისმანში მომხდარ ინციდენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც პარტიის სააგიტაციო მასალებს აკრავდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.