ბათუმის პროკურატურასთან დაკავებული სპორტსმენის მინდია ოჯახიშვილის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, მინდია ოჯახიშვილმა შიმშილობა დაიწყო, რის გამოც მოშიმშილეთა საკანშია გადაყვანილი.
მინდია ოჯახიშვილის შიმშილობას მისი ადვოკატი, თეონა ნიკოლაიშვილიც ადასტურებს:
„მინდია ოჯახიშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა შედეგი აქაც არ დადგა. დღეის მდგომარეობით, მინდია ოჯახიშვილი შიმშილობს, მოშიმშილეთა საკანში იმყოფება და პროტესტის უკიდურესი ფორმით ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე. მოვუწოდებთ პროკურატურას, ყურადღება მიაქციოს საქმეს და ობიექტურად განიხილოს რადგან აქ არის მხოლოდ ერთი სიმართლე. მინდია ოჯახიშვილს არ ჰქონდა არც იარაღი, არც ნარკოტიკი, არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და დღეის მდგომარეობით, ის უკანონო პატიმრობის მსხვერპლია“, – აღნიშნა თეონა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი მინდია ოჯახიშვილი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 6 სექტემბერს დააკავეს.
ფოტო: “ბათუმელები”