ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და ამავე პოლიციის გამომძიებლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე მიმდინარეობს მსჯელობა. საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული.
კერძოდ, პროკურორის განცხადებით, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას კი ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი და ასევე უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი ამოიღეს.
ელიზბარ გოზალაშვილის განმარტებით, თუ ბრალდებულებს პატიმრობა არ შეეფარდათ, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.