ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

IDFI: თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წელში გაორმაგდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინასება ყოველწლიურად მატულობს – უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა:

  • 2011 წელი – 6,072,200 ლარი;
  • 2012 წელი – 6,131,800 ლარი;
  • 2013 წელი – 10,029,700 ლარი;
  • 2014 წელი – 13,351,400 ლარი;
  • 2015 წელი – 13,633,300 ლარი;
  • 2016 წლის გეგმა – 14,052,000 ლარი.

ორგანიზაციამ შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოდან გამოითხოვა. მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით – 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

”2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია – 1, 376,211 ლარი და დანამატი – 969,858 ლარი.

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია.

2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს.

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა”. – ნათქვამია კვლევაში.

იტვირთბა....