“არმაზ ახვლედიანმა რეალობის შეგრძნება დაკარგა, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ბრალდებებით თუ მიიქცევს ყურადღებას მხოლოდ, მე მგონი ეს არის მისი პრობლემა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახვლედიანი კახი კალაძეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში ადანაშაულებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იგეგმება პარტიის გენერალური მდივნის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის კახა კალაძის მიერ. სწორედ მისი კონკრეტული უშუალო მითითებებით აქაური ქვეშევრდომები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ პარალიზება მოახდინონ საარჩევნო პროცესის და რეალური ოპონენტები გამოთიშონ საარჩევნო პროცესიდან. ეს ხდება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, არაერთხელ მივმართე პროკურატურას დაინტერესდეს ყველა იმ ფაქტით, რაზეც ორი თვეა ვსაუბრობ და ეხება შანტაჟს, გადაბირებას, მოსყიდვას და ამაში ჩართულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
მართალია კალაძე, აღარ არის მთავრობის წევრი, მაგრამ ის პირადად აძლევს მითითებებს სუს-ის ხელმძღვანელებს, ვის მოუსმინონ, ვინ აშანტაჟონ, ვისთან როგორი ურთიერთობები ჰქონდეთ, ეს არის უაშუალოდ მის მიერ მართული პროცესი, პირდაპირ ვადანაშაულებ მას და მოვითხოვ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში არის არნახული დემოკრატიული საარჩევნო კამპანია, ცოდავს, რადგან კვირიკაშვილი პრაქტიკულად მფარველობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებს, დაწყებული კალაძიდან დამთავრებული ვოლსკით, რომლებიც ქვეყანაში თავად ურევენ სიტუაციას და ამას სხვას აბრალებენ“.- აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.