ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი წერილობით გააფრთხილა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ფართობის დიდ ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილმა ფაქტობრივად სრულად აითვისა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გორის მერიაში ბრიფინგი გამართა გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დარღვეულია შესაბამისი დადგენილებები.
„გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დარღვეულია შესაბამისი დადგენილების მოთხოვნები. შესაბამისად, გთხოვთ გამოყოფილ ადგილებზე საარჩევნო პლაკატები 16 სექტემბრამდე განათავსოთ იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა“, – აცხადებენ გორის მერიაში.
მათი განმარტებით, თუ ის ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და გამოკრულ სააგიტაციო მასალას არ შეცვლის, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი დადგენილი წესით.
ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი ლერი ლაფაჩი მერიის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სააგიტაციო მასალიშვის გამოყოფილი ადგილები სრულად არ აუთვისებიათ.
„როგორც ჩანს, მათ კანდიდატებს დიდი თავები აქვთ და არ ყოფნით ადგილი სააგიტაციო მასალის გასაკრავად. ამიტომ, სხვა დროს ვიფიქრებთ და მეტ ადგილს დავუტოვებთ“, – განაცხადა ლერი ლაფაჩმა.