ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრიდან ის ნაწილია ამოჭრილი, სადაც ამბობს, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ არ ეკუთვნის არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“.
ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერა და გამოქვეყნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა.
„შევეგუე იმას, რომ მისმენენ, ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან, მარტო მისმენენ კი არა ჩვენზე ზეწოლაა, რაც კი შეიძლება მოხდეს ვინმეზე ხდება ჩვენს პარტიაზე. მაგრამ არაფერია გავუძლებთ, ხომ იცით კანონია, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავაძლიერებთ. ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. თუნდაც ის, რომ ეს საუბარი ნამდვილი იყო მე ამას ვადასტურებ. ამოჭრილია ის, რომ ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ მე არ ვარ არც ქართული ოცნების, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომდგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში და მე რომ მდომებოდა რომელიმე მხარეს ყოფნა ვინ დამიშლიდა დავუდგებოდი გვერდში. არ მინდა ბატონებო, არც ერთი არ ვარგა და არც მეორე. ჩემის აზრით სულ სხვა რაღაც არის გასაკეთებელი,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან“ კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ასეთი საუბარი შედგა.
”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.