22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გოდერძი თევზაძე პროკურატურის შენობაში საკუთარმა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ მიიყვანა.
თევზაძე აცხადებს, რომ ის დამნაშავე არ არის და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, შიმშილობას იწყებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს ორთვიანი პატიმრობა 30 აგვისტოს შეუფარდა.
სასამართლომ ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დაუსწრებლად იმსჯელა. გოდერძი თევზაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.