ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მე მჯერა, რომ თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია”

“შეცდომები და აგრესია, რომელიც გარკვეულწილად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოვლინდა, გარდამავალი პროცესის ბრალია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ჩვენ ვთქვით, რომ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფლება კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანების თავისუფალი საზოგადოება შევქმნათ ისეთ პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებით, რომელიც ერთდროულად პიროვნების თავისუფლებასაც და ამავე დროს ეფექტურ და ეფექტიან მმართველობას გულისხმობს. ამ გზის გასავლელად ბუნებრივია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მნიშვნელოვანწილად ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად სახელმწიფოს ფუნქციონირებას და პიროვნების თავისუფლებას, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი თავისუფალი საზოგადოების შექმნას, არის სწორედ სასამართლო სისტემა და ამ სისტემაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საკონსტიტუციო სასამართლო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ახლა გაიგო და ახლა გაიაზრა საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობა და როლი, ის ძალიან დიდი უფლებები და პასუხისმგებლობა, რომელიც გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

”მართლაც გახდა უძლიერესი ინსტრუმენტი სახელმწიფოს გაძლიერების, ის გახდა სწორედ ის რესურსი, რომელსაც აქტიურად მიმართავენ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამართალს სწორედ ამ ინსტიტუტში ეძებენ. მინდა შევეხო თქვენ მიერ დასახელებულ საკითხებს. ის შეცდომები და აგრესია, რომელიც გარკვეულწილად გამოვლინდა, ესეც ამ გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომელიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ ინსტიტუტს და ეს ასეც უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....