ჩამოვყალიბდით ნაცრისფერ ზონად, სადაც ფული თეთრდება – ასე ეხმაურება ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი დიდი ბრიტანეთის მიერ სამი ქართული კომპანიის დასანქცირებას, რომლებიც ოფიციალური ლონდონის ინფორმაციით რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებს.
ხიშტოვანი ამბობს, რომ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა მას შემდეგ აღიარა ასეთი კომპანიების არსებობა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
“ქართული სახელმწიფო სამწუხაროდ დუმს და მხოლოდ მაშინ იწყებს რეალურ რეაგირებას, როცა ამ ინსტიტუციურ თვალთმაქცობაში გამოიჭერს მას უცხო ქვეყანა. ცალკე სახელმწიფო პოლიტიკაა, რომ ვერ შეამჩნიოს ის, რაც ხდება და ცალკე ინდივიდები, ამ პოლიტიკიდან გამომდინარე ნახულობენ კონკრეტულ ბენეფიტებს. ჩამოვყალიბდით სახელმწიფოდ, ასეთ ნაცრისფერ ზონად, სადაც თეთრდება ფული.
ამას უპირველესად ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფომ – ანუ “ქართული ოცნების” მმართველობამ, რომელმაც სტრატეგიულ დონეზე გადაწყვიტა, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვხუჭავთ თვალებს და როგორც პატარა ბავშვს გამოიჭერენ რაღაცა ნივთის მოპარვაში, ისე გამოგვიჭერს ხოლმე ხან ბრიტანეთი, ხან შეერთებული შტატები, ხან ევროკავშირის, ხან ევროკომისია (ყულევის თემაზე) და მერე უკვე მორცხვად ვაღიარებთ, რომ კი ჩვენ ყველაფერი ამის შესახებ ვიცოდით. წესით, ჩვენ უნდა ინტერესდებოდეს სახელმწიფო უწყებები, რას აკეთებენ ეს სოკოებივით გამრავლებული უცნაური ოფისები, რომლებსაც კავშირი აქვთ ფასიანი ქაღალდების ვაჭრობასთან, ფორექს-ვაჭრობასთან, კრიპტო-ვაჭრობასთან და ა.შ.” – აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

