ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა: „მივმართავ ყველა მხარეს“

“როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი მივმართავ ყველა მხარეს – ნუ ცდილობენ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა  ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცალკეული შემთხვევების განზოგადოებას არ დაუშვებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას. თუ სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომა გამოვლინდება, ხელს არავის დავაფარებთ.

პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე კონკრეტულ პირს ეკისრება. რეაგირება არის და იქნება ყოველთვის ადეკვატური. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა.  აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, ერთეული შემთხვევების გამო, პოლიციის კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პ​ოლიციელთა უმრავლესობა ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი და თქვენი შვილების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. მოგიწოდებთ, ნუ მიაყენებთ ჩრდილს მთელს ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას.

სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე,

ხოლო პოლიციელი იყო და არის ჩემთვის გმირი. უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადოება. ადამიანებმა, რომლებიც ამ ინსტიტუტს შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს ძალიან კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის ფუნდამენტია და მისი დასუსტება გამოიწვევს ქვეყნის დასუსტებას.

თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება ცხელ კვალზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი, გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსინუაციური დამოკიდებულება თუ ჩვენი პოლიციელების მხარდაჭერა.

ჩვენ უნდა შევძლოთ არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ღელვა პიკს აღწევს და მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი მოქალაქეების პოლიციელები.

ვაცხადებ პირადად მე და შს სამინისტროს მთელი შემადგენლობა, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობას, რომელი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდამრღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

იტვირთბა....