ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეალური კონკურენტი

„კახი კალაძე  „ქართული ოცნების“ აქილევსის ქუსლია“

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ   რეგიონულ მედიასთან შეხვედრები დაიწყო. პირდაპირ ეთერში გაშუქებულ პრესკონფერენციას სატელევიზიო რეიტინგი საკმაოდ დაბალი აქვს. პარალელურად, ივანიშვილის მიმართ დასმული კითხვების ნაწილი უპასუხოდ რჩება და ყოფილი პრემიერი აქცენტის დასმას  კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაზე ცდილობს.

გურიის მედიის წარმომადგენლებთან  ივანიშვილის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, განხილვის მთვარ თემად მის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ და კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის  უარყოფითად  დახასიათება იქცა.  როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოირჩევა იმ თვისებებით, რასაც დავით უსუფაშვილი ვერ ფლობს. ამავდროულად, მან  „რესპუბლიკურ პარტიას“ ერთპროცენტიანი პარტია უწოდა.

გურიამდე ყოფილი პრემიერი აჭარას სტუმრობდა, სადაც მან „ქართული ოცნების“ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფრთა (ბურჭულაძე, ვაშაძე, ჯაფარიძის გაერთიანება) დაასახელა. თუმცა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას რეალური კონკურენტი მაინც არ ჰყავს. სწორედ ამიტომ, არჩევნებზე უმრავლესობით მოსვლას პროგნოზირებს.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ვიცე პრემიერი  კახი კალაძეა, რომელიც  ბოლო დროს თავდასხმის მთავარ ობიექტად იქცა: მას როგორც კრიმინალურ გარჩევებთან  დაკავშირებული ადამიანები ადებენ ხელს და  „საქმის შეთითხვნებში“ ადანაშაულებენ, ასევე,  დღეს,  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა კალაძე მისთვის პრობლემების შემქმნელად დაასახელა.

რა ხდება „ქართულ ოცნებაში“ წინასაარჩევნოდ, რამდენად რეალურია პარტიის ლიდერების მიერ დაანონსებული მოსალოდნელი დესტაბილიზაცია და ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართული შეხვედრები მედიასთან ეხმარება თუ ხელს უშლის პარტიის გაძლიერებას, -ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „მეტრონომს“საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი და ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში,  გია ხუხაშვილი ესაუბრა.

 

„მეტრონომი“ : „ქართული ოცნების“ ლიდერები და ბიძინა ივანიშვილი აქტიურად საუბრობენ წინასაარჩევნოდ არეულობისა და დესტაბილიზაციის  საფრთხის შესახებ. რამდენად მოსალოდნელია მგავსი სცენარის განვითარება?

გია ხუხაშვილი: გამიჭირდება იმის თქმა თუ რას ეყრდნობიან ამგვარი განცხადებების გაკეთებისას. მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და მეტი არაფერი. მინდა დავაწყნარო „ქართული ოცნება“- თუ სოციალური ბაზა არ არის, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერაფერს  მოაწყობს. რევოლუციის განვითარებას  შესაბამისი სოციალური ბაზა სჭირდება. საერთოდ, რევოლუციას პარტიები არ აწყობენ. ეს პოლიტიკური ელიტის შეცდომაა, როცა ჰგონიათ რომ გადატრიალება მათ მოაწყვეს. რევოლუციას ხალხის უკმაყოფილება იწვევს, რომელსაც  პოლიტიკური პარტია უბრალოდ მიმართულებას აძლევს. თუ „ქართულ ოცნებას“  ხალხი კმაყოფილი ეყოლება, ნუ შეეშინდება რომელიმე პარტიის მიერ მოწყობილი არეულობის. თუ რამე მოხდება ამ ქვეყანაში, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ მოაწყობს, რომელსაც ამის რესურსი არ აქვს, ან სხვა პარტია, არამედ ხალხი მოაწყობს. აქედან გამომდინარე, ხან საბურავების დაწვაზე საუბრით, ხან შეთქმულების თეორიის განვითარებით-არასერიოზულად გამოიყურებიან. ეს არის სისუსტის გამოვლინება  და ამას ვერ ხედავენ.

მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ  მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა, ამავდროულად მან  გიორგი კვირიკაშვილი და დავით უსუფაშვილი ერთმანეთს შეადარა.  რატომ დასჭირდა მას პერსონიფიცირება და ორი კონკრეტული პოლიტიკოსის შედარებითი დახასიათება?

– ეს მისი ბუნებიდან გამომდინარე ხდება. ვფიქრობ რომ მას გული ძალიან სწყდება დავით უსუფაშვილზე, რადგან უსუფაშვილი  მისთვის უმნიშვნელო ფიგურა არ იყო და ივანიშვილს ბევრ საქმეს უკეთებდა. აქედან გამომდინარე,  დისკომფორტს გრძნობს და  კვირიკაშვილს ადარებს.

მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ მტრის ხატად ქმნის, ამ დროს  მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „თემატურად“ ამ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს,  შეიძლება შეცდომად შევაფასოთ?

– საერთოდ, პოლიტიკოსებს წინააღმდეგობრივი განცხადებები არ უხდებათ.  მას აქვს ძალიან უცნაური დამოკიდებულება: თუ ვინმე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოვა, ლამის გმირებად მოიხსენიებს და ცოტა ხნის წინ ამას „გირჩზე“  ამბობდა,  თუმცა ახლა უკვე აღარ მოსწონს, რადგან „გირჩმა“ სხვა ორიენტაცია აიღო. წინააღმდეგობრივი გამონათქვამები მის რიტორიკაში იშვიათი არ არის და ყოველთვის ლოგიკური ახსნის პოვნა რთულია.

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კონკურენტს ვერ ხედავს, თუმცა შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგედ , მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის ახალ ფრთას ასახელებს. ვინ  არის რეალურად ქართული ოცების კონკურენტი?

-გასაგებია რომ ის „ქართული ოცნების“ უძლეველობაზე საუბრობს, რადგან ასე საუბრობს  ყველა პარტია თავის თავზე. ყველა ამბობს რომ ხელისუფლებაში უპირობოდ  მოვლენ. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხედვით მეორე პოლუსია, ამით ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისთვის“  მაქსიმალურად კომფორტულია ვითარება, როდესაც ამ ორი ძალის მეტი არავინ არ იქნება. რეალურად, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, საზოგადოებაა. მის მთავარ კონკურენტად ჩამოყალიბდა ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც არც ის და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი კრიტიკულზე მეტია. ჯამურად, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური  მოძრაობა“  აშკარა უმცირესობაში არიან და ამას მათი შიდა კვლევებიც აჩვენებს. ამ ორი პარტიის რეიტინგის შიდა კვლევების ჯამი ორმოცდაათ პროცენტზეც ვერ ადის. შესაბამისად, ივანიშვილის მთავარი პრობლემა გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. სამწუხაროდ, ივანიშვილი,  თუნდაც გუშინდელ გამოსვლაში ამ ადამიანებს არ ესაუბრება. თითქოს ეს ადამიანები არ არსებობენ. ის ცდილობს ჩაკეტოს სამყარო მასა და „ნაციონალურ მოძრაობას“  შორის და სხვა პარტიებზე ისაუბროს პერსონალური განქიქების რეჟიმში. ამაში გრძნობს კომფორტს,  რაც ასევე არ უხდება. ის იმხელა მასშტაბის ადამიანია, ასე დაწვრილმანება პირადად მისთვის არის პრობლემატური. ძალიან წვრილმანდება და ამის შედეგად მისი სიტყვის წონა უფასურდება.

ბოლო პერიოდ გახშირდა ვიცე პრემიერის, კახი კალაის  მიმართ პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვების მიერ გაჟღერებული ბრალდებები. რატომ მოექცა კალაძე ყურადების ცენტრში უარყოფითად, ეს მისი პოლიტიკურად მცდარი ნაბიჯების შედეგია?

– ეს ლოგიკურია, რადგან ის შტაბის უფროსია. როგორც ჩანს, მას მიჰყავს საარჩევნო პროცესი და არა კვირიკაშვილს, რომელიც დღეის მდგომარეობით ნომინალური ლიდერია.  ტექნიკურად არც კალაძეა დიდი ლიდერი, მაგრამ მას მიჰყავს საარჩევნო პროცესი. როგორც ჩანს, მასთან შესაბამისი პრეტენზიებია, რომლებიც შეიძლება  სუბიექტური ხასიათის იყოს, მაგრამ პოლიტექნოლოგიიდან გამომდინარე, ბუნებრივია.  ყველა ბრალდებას არ დაეჯერება, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ კახი კალაძე პრობლემური ფიგურა არ არის. იმიტომ, რომ არის კითხვები მის  მიმართ, რომელზეც მეც არ მაქვს პასუხი.  რაღაცები გადაჭარბებულია, თუმცა შესაძლებელია მის მიმართ ლოგიკური კითხვებიც არსებობდეს. შესაბამისად, პოლიტიკური ოპონენტები მის ამ სისუსტეს ხედავენ. ლოგიკურად, ამ დროს კონცენტრირებული დარტყმა ვითარდება. საერთოდ ასეა პოლიტიკაში- სუსტ ადგილს პოულობ და მერე ამაზე ახდენ ზეწოლას. კახი კალაძე რომ „ქართული ოცნების“ აქილევსის ქუსლია,  ამ პრინციპს გავიზიარებ.

ბიინა ივანივილის მიერ , წინასაარჩევნოდ, მედიასთან შეხვედრები, მიუმეტეს, რომ  2012 წლის შემდეგ მისი გავლენა საზოგადოებრივ აზრზე შემცირებულია და ამას ის სატელევიზიო რეიტინგებიც აჩვენებს, რომელიც ივანიშვილის პირდაპირ ეთერებს ახლავს, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?

-ის უდავოდ ძალის ცენტრია, მაგრამ ეს სტატუსი მისი ხშირი გამოსვლებით არ არის განპირობებული. უფრო მეტიც, რაც უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, მისი წონა იმატებს. ეს ის შემთხვევაა, როცა მისი დუმილი ოქროა. როგორც კი აქტიურობას იწყებს, ეს მას აზიანებს. მითუმეტეს ამ ტიპის იმპულსურ აქტიურობას რომ იწყებს, როცა უპასუხო კითხვებიც ჩნდება, ეს მისთვის დამაზიანებელია. განსაკუთრებით,  რა ფორმითაც გადაწყვიტა კომუნიკაცია, მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ ვიცი. პერმანენტული პრესკონფერენცია ერთი თვის განმავლობაში, ათი შეხვედრა ერთი და იმავე თემაზე, სრულიად ახალია, აღმოჩენაა. ვფიქრობ, ეს ფორმა რაც მან აარჩია საზოგადოებასთან  ურთიერთობისთვის,  გაუგებარი და მისთვის დიდი რისკის შემცველია.  ეს შემდეგ გადაცემაში შეიძლება გამოჩნდეს უკვე. არ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ათჯერ ერთი და იგივე გაიმეორო, რადგან საბოლოო ჯამში ეს შენვე გაზიანებს. რატომ არ ესმით ეს ივანიშვილის შტაბში, ჩემთვის გაუგებარია.

მანა ნოდია

იტვირთბა....