პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადებებს პასუხობს. უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკურ კამპანიაში, საარჩევნო კამპანიის დროს კი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აკრიტიკებენ.
”ამ კრიტიკაში და ჩვენს გამონათქვამებში ჩვენს განზრახულობებსაც ვავლენთ ხოლმე. მე ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმისგან განსხვავებული, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდა და ამ პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე „რესპუბლიკური პარტია“, ან „თავისუფალი დემოკრატები“. „რესპუბლიკელებს“ აღმოგვიჩინა პრობლემა, რომ თურმე ილია ჭავჭავაძეს ცუდ კაცად ვთვლით. მე ვწუხვარ, რომ აქამდე დავიდა ეს კრიტიკა. ეს არ არის სწორი და კარგი … თუ ივანიშვილი ახლა უკვე სხვანაირად უყურებს მოვლენებს, ეს მისი უფლებაა. კარგია, რომ ის ამას ეუბნება ქართველ ხალხს. ცუდია, რომ ჩვენს საერთო პროექტზე, რომელიც გულისხმობდა გაძლიერებულ, დემოკრატიულ „ქართულ ოცნებას“, მან უარი თქვა. დანარჩენი არჩევნებზე გადაწყდება”. – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეეთერში ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელები საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა.
“პარტიას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, გამოკითხვებით 1%-იც არ იკითხება. მე ვფიქრობ, ამას აქვს მიზეზი და საოცრად სწორად აფასებს საზოგადოება, “რესპუბლიკური პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება “რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება “რესპუბლიკური პარტია”.-თქვა ივანიშვილმა.