“ყურის აპკებდახეთქილები და დასისხლიანებულები ამოვიდნენ სამხედროები, ისინი ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.
“ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა და მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ჩემთვის და ყველასთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ ასეა, ჩვენ რა ვქნათ – ვართ იმ განვითარების საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გონიოს ტერიტორიაზე დაკარგული სამხედროების ძებნა გრძელდება. ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია.
დღეს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავ მიმართოს საერთაშორიოს პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის მოთხოვნით.