ისრაელიდან ქართველი ტურისტების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. ისინი თელავივი-თბილსის სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ.
მგზავრები ისრაელის იზოლატორში გატარებულ საათებს იხსენებენ და გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, საქართველოდან 26 კაციანი ტურისტული შემადგენლობა მოსალოცად გუშინ დილით გაემგზავრა. თუმცა, ისინი თითის ანაბეჭდების აღების და მათთან გასაუბრების შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საზღვარზე არ შეუშვეს.
მათი მტკიცებით, ისინი ტურისტული ვიზით გაემგზავრნენ და ყველა საბუთი წესრიგში ქონდათ.
როგორც ცნობილია, მათი გამგზავრების ორგანიზება ტურისტულმა კომპანიამ ჯორჯიან თერველ გრუპმა უზრუნველყო.
მგზავრების განმარტებით, მათ არავინ აუხსნა დაკავების მიზეზი და დეპორტაციის მოტივი მათთვის ამ დრომდე უცნობია.
ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და ისრაელის ხელისუფლებასთან მსგავსი საკითხების დარეგულირებას თხოვენ.
მათივე განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთისას მეტი პრობლემები იქმნება.
ისრაელში დარჩენილი მგზავრთა ნაწილი საქართველოში ხვალ საღამოს დაბრუნდება.