ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
საია-ს საჩივრის დაკმაყოფილების მომხრე იყო უსკო-ს 4 წევრი, ხოლო წინააღმდეგი – 9 წევრი.
უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე უსკო უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ დააჯარიმებდა:
“უსკო-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იმსჯელა და დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ დააჯარიმებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ანალოგიური გადაწყვეტილება ცესკო-მ უკვე მიიღო, შესაბამისი პრაქტიკა დადგენილია. უსკო-მ იმსჯელა, რომ სამართალდარღვევის სუბიექტი ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფება და შეუძლებელია მას რაიმე სანქცია დაეკისროს”, – აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.
შეგახსენებთ, 2016 წლის 31 ივლისს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერი აჩვენეს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას. „საია“ ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებას ითხოვდა.