„მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვო, სასწრაფოდ კომუნიკაცია დაამყაროს იტალიასთან, რომ შესაძლო დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც მიიღოს მოკრძალებული წვლილი“,- ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო იტალიის მთავრობას და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.
„სულ ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ იტალიაში, პერუჯასთან ახლოს მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა. არის მსხვერპლიც, ასევე მნიშვნელოვანი ნგრევა.
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იტალიის მთავრობას და ხალხს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვო, სასწრაფოდ კომუნიკაცია დაამყაროს იტალიასთან, რომ შესაძლო დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც მიიღოს მოკრძალებული წვლილი“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან 3:30 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამ დროისთვის დადასტურებულია 6 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია. ქალაქების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.