ფაქტები არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი- ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა, – ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო წერილში გერმანიის საელჩო შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „გერმანიის ელჩს თავად არ ექნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, რადგან ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე“.
„რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას,“- აღნიშნულია წერილში.
საელჩოს წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გერმანიის მიზანია საქართველოსთან განაგრძოს მეგობრული თანამშრომლობა.
„გერმანიის საელჩო არ მონაწილეობს საქართველოს ყველა საშინაო დისკუსიაში. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას. ფაქტები კი არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი.
ეს მარტივად შეიძლება იქნას გადამოწმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ან საქართველოს თავდაცვის მინისტრთან.
გერმანია მიზნად ისახავს განაგრძოს ეს მეგობრული თანამშრომლობა.
ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა!“- ნათქვამია გერმანიის საელჩოს წერილში.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ ესწრებოდა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსაწვევი ყველას გაეგზავნა.

