ბიზნესმენი, პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ირაკლი გურჩიანი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობს:
“ყველანი, „სახელმწიფო ხალხისთვის“, “გირჩი“ და გიორგი ვაშაძე, ოდესას ჯაჭვით არიან მიბმულნი. პაატა ბურჭულაძის პარტია იმ სექტის ნაწილია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია -პოლიტიკური ძალის, რომელმაც ჩვენს ხალხს სულში ჩააფურთა. ამ ადამიანებთან ერთად მე ვერასოდეს ვიდგებოდი“, – აცხადებს გურჩიანი.
ირაკლი გურჩიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ის თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა:
„მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც არასოდეს “ნაცმოძრაობა“ არ დაუფინანსებია, თუ არ ჩავთვლით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოძალულ და იძულებით გადახდილ თანხებს, ასევე, გიული ალასანიას უნივერსიტეტისთვის ფინანსურ გადარიცხვებს. რადგან თუ შევეწინააღმდეგებოდი, არც ის იყო გამორიცხული, სანაცვლოდ, თავისულება ან სიცოცხლე დამეთმო. ბატონ ივანიშვილს მადლობა მარტო იმისთვის ეკუთვნის, რომ ასეთი არაადამიანები ჩამოაშორა ქვეყანას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც თავისი მინუსების გამოსწორება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, “ქართული ოცნებაა“, – აცხადებს გურჩიანი.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალისგან გამიჯვნის მიზეზებსაც განმარტავს:
„მე ბურჭულაძის პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მხოლოდ “საქართველოს განვითარების“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვიყავი. თუმცა, საპარლამენტო არჩევნებში ბურჭულაძის პარტიიდან რიგით მეორე ნომრად მოვიაზრებოდი. “საქართველოს განვითარების“ ფონდი პოლიტიკური ორგანიზაცია არ იყო. ფონდში არსებობდა სხვადასხვა თემატური ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ. მე მინდოდა, რომ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობისთის საქართველოს განვითარების უკეთესი გეგმა მიგვეწოდებინა და ფონდის ლიდერთან, ბატონ პაატასთან ერთად (წლებია ვმეგობრობთ) აქტიურად ჩავები პრობლემის გამოსასწორებელი გეგმის შემუშავებაში. როგორც კი ფონდი პოლიტიკურ მოქმედებაზე გადავიდა, გავემიჯნე“,- აცხადებს გურჩიანი.
ირაკლი გურჩიანი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია ოდესიდან იმართება და მან აღნიშნული პოლიტიკური ძალის დატოვებაც სწორედ ამიტომ მიიღო:
“როდესაც დავრწმუნდი, რომ “სახელმწიფო ხალხისთვის“ ოდესიდან იმართებოდა, პარტია მაშინვე დავტოვე. მადლობა ღმერთს, სწორი გზა დროულად დავინახე. პაატამ პარტიის ჩამოყალიბება სწორედ მე, 2015 წლის სექტემბერში შემომთავაზა, – მაშინ პირველი კითხვა შემდეგი მქონდა: ხომ არ იყო ის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესებთან? პაატამ ჩემი ეჭვები კატეგორიულად უარყო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომატყუა“.
გურჩიანის თქმით, მისი მხრიდან გამოთქმული უარყოფილი რეკომენდაციის მიუხედავად, ოფისებში “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ინიშნებოდნენ.
როგორც გურჩიანი აღნიშნავს, ის პირადად მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობის“ კადრების შერჩევაში:
“ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვკითხე იგივე და ისევ კატეგორიულად იუარა. ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე არ მქონდა უფლება, მისი პასუხისთვის არ დამეჯერებინა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომატყუა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამეხსნა, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდი, მოძრაობა დავტოვე! პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც რეგიონებში ოფისების გახსნა დავიწყეთ – ყველგან მხოლოდ ყოფილი “ნაციონალები“ მოდიოდნენ. პირადად მე კადრების შერჩევაში ვმონაწილეობდი. ბევრი ჩემ მიერ დაწუნებული კადრი, ჩემი უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მაინც ინიშნებოდა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ მიიღეს ჩემგან დაწუნებული ესა თუ ის კადრი პარტიაში, მპასუხობდნენ, რომ თავადაც შეცდომაში შეიყვანეს და ადამიანებს მათი მეგობრის რეკომენდაციით ნიშნავდნენ, იმასაც მეუბნებოდნენ, ეს ადამიანები ჩვენი ერთგულები იქნებიანო. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ, იმ უბედური 9 წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიყავით და 2014 წლამდე შტაბში ან გაუგებრობაში ვმუშაობდით, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. ერთი აპლიკანტი მოვიდა და როდესაც ვკითხე, რომელიმე პარტიის წევრი თუ ყოფილხარ-მეთქი, მიპასუხა, დღესაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარო. ასეთი ადამიანები როგორ უნდა მიმეღო?! ბოლოს საერთოდ დავანებე გასაუბრებაში მონაწილეობას თავი, რადგან რაღაც “იურიდიული ძალა“ პარტიაში მხოლოდ “ნაციონალებს“ ასაქმებდა,თუმცა პარტიაში თანამდებობებზე მაინც ინიშნებოდნენ.
პაატა ბურჭულაძის ოფისში სკამიც კი“ ნაციონალური მოძრაობის“ ჰაერით სუნთქავს“, – აცხადებს ირაკლი გურჩიანი.
წყარო: “კვირის პალიტრა“