ახალი ამბები მთავარი

„წინასწარ სიებში ეწერა, ვინ გახდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი“

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, რამდენიმე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი წევრების ე.წ. წინასწარი სიები არსებობდა და ამ სიებში, ძირითადად, “ქართული ოცნების” აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეყვანილები.

ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზების შესახებ. კერძოდ, დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად “ქართული ოცნების” აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას, სამტრედიის ოლქში კი, საუბნო საარჩევნო კომისიის 300 არჩეული წევრიდან 256 აღმოჩნდა ე.წ. წინასწარ სიაში. აღსანიშნავია, რომ სენაკში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ გამართულა.

გარდა ამისა, გორში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ძირითადად, ხმას აძლევდნენ წევრობის რიგით პირველ 6 კანდიდატს. მსგავსი პრაქტიკა საოლქო საარჩევნო კომისიებში გასულ წლებშიც იყო, რაც აჩენდა ეჭვებს, რომ სასურველი კანდიდატები რიგითობით სხვა კანდიდატებზე წინ იყვნენ დაყენებული”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გამოეხმაურა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაძლო  წინასწარი სიების მიხედვით “ქართული ოცნების” აქტივისტებით დაკომპლექტების შესახებ თავისუფალი დემოკრატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს.

“დღესაც მიმდინარეობს არჩევნები რამდენიმე ოლქში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არის გამჭვირვალე და ყველას შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ვისაც აქვს უფლებამოსილება. ამავდროულად, ჩვენი ინფორმაციით, იმ ოლქებში, სადაც დასრულდა არჩევნები, აირჩნენ გამოცდილი ადამიანები; მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ ჩატარებული. ასევე, აირჩნენ საარჩევნო განვბითარების სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს პროცესის გამჭვირვალობას და როგორც კი დასრულდება პროცესი, აუცილებლად საარჩევნო ადმინისტრაცია გაასაჯაორებს ყველა იმ შედეგს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შედეგად დადგა. გავრცელებული მოსაზრებები [ქართული ოცნების აქტივისტებით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება წინასწარი სიების მიხედვით] არ არის დადასტურებული. პროცესი არის გამჭვირვალე და შედეგები არჩეულ პირთა შესახებ ასევე იქნება გამჭვირვალე.” – განაცხადა ჟვანიამ.

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....