სახელმწიფოს, რომელსაც სახეცვლილების უნარი არ გააჩნია, არ გააჩნია თვითშენარჩუნების უნარიც. – ედმუნდ ბერკი
ერი, ისევე, როგორც ადამიანი, არის ბავშვი, არის ზრდასრული და არის ხანდაზმული. ქართველი ერთმნიშვნელოვნად უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება და ეს მასში სიამაყის სამართლიან შეგრძნებას ბადებს. ქართველმა, განსხვავებით რომაელისგან, მაკედონელისგან, ბიზანტიელისგან, ეგვიპტელისგან, ბაბილონელისგან და ა.შ. გადაშენებული და სხვადასხვა წარმონაქმნებად ტრანსფორმირებული ერებისგან, თავისი თვითიდენტიფიკაცია დღემდე მოიტანა, შეინარჩუნა და ესეც, რა თქმა უნდა, მისი სიამაყის სამართლიანი საბაბია.
ხშირად გაგიგონიათ ალბათ ფრთიანი ფრაზა – “შოთა როცა ვეფხისტყაოსანს წერდა, ისინი ტყეში კეტებით დარბოდნენო”. გარკვეულწილად სიმართლეა… იმ დროს, როცა ქართველი კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ასეთს ეწეოდა, მავანი, დავუშვათ სკანდინავიელი, ვერცხლის ლანგარის გულისთვის კაცების, ქალების და ბავშვების სისხლს ღვრიდა და ამას მეომრულ სულისკვეთებას უწოდებდა. ქართველი როცა კულტურულად ვითარდებოდა, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტყეში დარბოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ზღვაოსნობაში ყველაზე უფრო მეტად იყვნენ გაწაფულნი და ზღვაოსნობის ფუძემდებლებადაც ითვლებიან, ამასაც “ტყეში სარბენად” იყენებდნენ, ოღონდ… ჩვენ თუ ზრდასრული და შეგნებული ერი გვერქვა, ისინი ჯერ კიდევ ბავშვები, უგუნურები და უგუნური ბავშვებივით შეუბრალებელნი იყვნენ.
რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. დღეს ჩვენ თავისუფლად შეიძლება გვეწოდოს ხანდაზმული, მათ კი ახალგაზრდა, ზრდასრული ერები.
მცირე გადახვევა. როცა ვამბობ – “ერი”, ვგულისხმობ ეთნოსისა და სახელმწიფოს ნაზავ წარმონაქმნს, თორემ ის ადამიანები, რომლებმაც საბოლოოდ ერთიანი სახელმწიფო, ერი შეადგინეს, ასეთის შედგენამდეც ცხოვრობდნენ, ცოცხლობდნენ, არსებობდნენ, თუმცა განსხვავებული თვითიდენტიფიკაციებით. ერი ხო საბოლოო ჯამში, ეთნიკურ ნიშანთან ერთად, ერთი ჰიმნის, ერთი დროშის ქვეშ მცხოვრებთა და საერთო ფასეულობების გამზიარებელი ადამიანების ერთობაა! ვიღაცა შემედავება, მეტყვის რა, რომ ერს წარმოადგენს ბოშაც, ქურთიც და ებრაელიც ერს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სახელმწიფო საუკუნე არ არის რაც შედგა და სამართლიანადაც შემედავება, თუმცა… ერი სახელმწიფოს გარეშე, ეთნოსი საკუთარი “სახლის” გარეშე, რასაკვირველია არასრული, არასრულყოფილი ერია… მე კი ამ შემთხვევაში მხოლოდ სრულყოფილ, “ჩაცმულ-დახურულ” და “დაბინავებულ” ერებზე მაქვს საუბარი.
გავაგრძელოთ. რა გამოარჩევს ბავშვს ახალგაზრდისგან, ზრდასრულისგან, ზრდასრულს მოხუცისგან და მოხუცს ბავშვისგან?
ბავშვი მოუქნელია… ბავშვი პირდაპირია… ბავშვი, შეიძლება ითქვას გონებაჩამორჩენილია, ამ სიტყვის პირდაპირი და რასაკვირველია არასამედიცინო მნიშვნელობით.
ახალგაზრდა, ზრდასრული, მოქნილია… ზრდასრული უფრო მეტად პრაგმატული და გარკვეულ მიზნებს ადევნებულია… ზრდასრულის გონება დუღს და ხარშავს, მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა.
მოხუცს ბავშვისგან გამოარჩევს (გამონაკლისების გარდა) ერთადერთი რამ: სხეულის სიძველე… მოხუცი მოუქნელია… მოხუცი პირდაპირია… მოხუცი, შეიძლება ითქვას გონებაჩამორჩენილია, თუმცა ამ შემთხვევაში “დუღილისგან აორთქლებული”, სამედიცინო გაგებით გონებაჩამორჩენილი.
ბავშვს და მოხუცს ერთი საერთო და მეტად ძვირფასი თვისება აერთიანებთ – ისინი, განსხვავებით ახალგაზრდისგან, გულახდილები არიან და მიუხედავად იმისა, რომ გულახდილობას უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, ბავშვში, ისევე როგორც მოხუცში, ის ხშირად სისასტიკის ფორმებს იძენს. მთლიანობაში, რასაკვირველია, გულახდილობას სარგებლობა სხვაგან და სულ სხვა სფეროებში მოაქვს და არამც და არამც ხილულ, ხელშესახებ ყოველდღიურობაში. ვინ რას ვანიჭებთ უპირატესობას ჩვენი გადასაწყვეტია.
ახალგაზრდის მეტი პრაგმატიზმი და ნაკლები იდეალიზმი შენებას განაპირობებს, განაპირობებს პროგრესს. ახალგაზრდის ჰუმანიზმიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, პრაგმატიზმს ეყრდნობა და არა იდეალიზმს… ამდენად შეიძლება გარკვეულწილად ყალბიც იყოს, თუმცა ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ახალგაზრდის, როგორც სუბიექტის განვითარებასთან… ყოველ შემთხვევაში იმ მიმართულებებით განვითარებასთან, რა მიმართულებებიც დღევანდელი კაცობრიობისთვის პრიორიტეტებად მიიჩნევა. ცალკე და არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა რამდენად გამართლებულია პრიორიტეტთა სიაში მათი იმ თანმიმდევრობით განთავსება, რა თანმიმდევრობითაც ისინი დღეს გვაქვს განთავსებული… ამაზე სხვა დროს.
მოხუცი ერთმნიშვნელოვნად ბავშვობაში ბრუნდება და ამის თვალსაჩინო მაგალითია საბერძნეთიც და ეგვიპტეც… არ გადავამეტებ თუ ვიტყვი – თანამედროვე კაცობრიობის დედ-მამა… ამჟამად ბებია-ბაბუა… მოუქნელი და გონებასუსტი მოხუცები. ის, ზემოთხსენებული ბავშვები კი, რომლებიც თავის დროზე ბავშვური სისასტიკის და გამო სისხლს წყლისგან ვერ არჩევდენენ, დღეს ძალ-ღონით სავსე, შეცდომებზე ნასწავლი, გონიერი ახალგაზრდები არიან და მათთვის იმის შეხსენება, რომ ვეფხისტყაოსნის წერისას ისინი ტყეში დარბოდნენ, ყველაზე ცოტა სასაცილო, ყველაზე ბევრი კი – სირცხვილია.
რა თქმა უნდა, იდეალურ მსოფლიოში და იდეალური კაცობრიობის პირობებში საყოველთაო კონტრასტს არა ერების მრავალფეროვნება, არამედ მხოლოდ ადამიანთა მრავალფეროვნება განაპირობებდა, კარგსა და ცუდს, ლამაზსა და უშნოს, კეთილსა და ბოროტს შორის არსებული კონტრასტი განაპირობებდა… იმედია შორეულ მომავალში ასეც იქნება.
დღეს კი ვიმედოვნებ ქართველი ერი იმ ზღაპრულ, სიბრძნით სავსე მოხუცს დაემსგავსება, ვისი გონებაც უწყვეტი დუღილის პროცესშია და ვისი გულახდილობაც, პრაგმატიზმთან ერთად, ნამდვილ ჰუმანიზმს და რეალურ წინსვლას განაპირობებს და განავრცობს… ვიმედოვნებ ქართველი ერი არ
დაემსგავსება იმ ანჩხლ და გაუწონასწორებელ ბებერს, რომლისთვისაც სულერთია რა არის კარგი და რა არის ცუდი.