ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურქი მინისტრი საქართველოსთან ვაჭრობის გაზრდის პოტენციალზე საუბრობს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრთან, ფარუკ ჩელიკთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

,,პირისპირ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ 22 წლის შემდეგ, დღეს პირველად იმართება სოფლის მეურნეობის სფეროში აღმასარულებელი კომიტეტის შეხვედრა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება თანამშრომლობისა და ურთიერთობების მომავალი განვითარების თვალსაზირისით. თურქეთსა და საქართველოს შორის კარგი სავაჭრო ურთიერთობებია, მაგრამ სოფლის მეურნეობაზე მისი მთელი მოცულობის მხოლოდ 10%-ი მოდის. ეს არ შეეფერება იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ამ პოტენციალის ათვისებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში იმყოფებიან თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობენ და ისინი დღეს გამართულ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას”. – განაცხადა თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი, რაც ქვეყნებისთვის ორხმრივად სასარგებლო და სასიკეთოა, დადებითად გადაწყდეს.

“თურქეთი არის საქართველოს მეზობელი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას. შეხვედრაზე შევთანხმდით პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. არის ბევრი მიმართულება, სადაც შეიძლება საქართველომ და თურქეთმა აქტიურად ითანამშრომლონ. უნდა აღინიშნოს, რომ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა იმ პოზიციებში, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული. საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გავა ყველა ის პროდუქტი, რაც ევროკავშირის ბაზარზე გადის. ამიტომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი არის დამატებითი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ სხვადასხვა ბაზარზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები“. – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....