საზოგადოება

ვისი რჩევით დაკრძალეს 15 წლის შემდეგ თაფლში შენახული მიცვალებული სოფელ ქანდაში

სოფელ ქანდასთან, თაფლში დაკრძალული მიცვალებული, 15 წლის შემდეგ, 2012 წელს, პატრიარქის რჩევით მიცვალებული თაფლიდან გადმოასვენეს და ქრისტიანული წესით დაკრძალეს – ამის შესახებ გარდაცვლილის დედა ნანა წიკლაური გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ზურაბ წიკლაური, რომელმაც სიცოცხლე 18 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა, სოფელ ქანდასთან, სასაფლაოზე აღმართული მემორიალის ქვემოთ, 2012 წლამდე, ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით თაფლში იყო ჩასვენებული. 1997 წელს, ზურაბ წიკლაურმა, იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.
ზურა წიკლაური 1977 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. დაიღუპა 1997 წლის 6 აგვისტოს. დაახლოებით ორ კვირაში მას 19 წელი უსრულდებოდა. თვითმკვლელობის მიზეზად მის ავტოსაგზაო შემთხვევას ასახელებენ. მას შემდეგ, რაც ზურას ეგონა, რომ ამ შემთხვევას სამი ბავშვი ემსხვერპლა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ყმაწვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ისე მოიკლა, რომ მოვლენების განვითარებას არ დაელოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია და სამივე ბავშვი გადარჩა.
როგორც გარდაცვლილის დედა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, მისი მეუღლე 2012 წელს პატრიარქმა დაიბარა და ურჩია, რომ ცხედარი ქრისტიანული წესით დაეკრძალათ.
„ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას ვერ აგიწერთ. საშინელი სტრესი მქონდა. ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, ბავშვი რომ შენახულიყო, თაფლში მოეთავსებინა, ამიტომ აკლდამა გააკეთებინა, უამრავი თაფლი მოატანინა, სასახლეს ნახვრეტები გაუკეთეს და ამ თაფლში ჩადგეს. 2012 წლამდე ასე იყო, შემდეგ პატრიარქმა დაგვიბარა და მისი რჩევით ბავშვი თაფლიდან გადმოასვენეს, თუმცა მე ამის შესახებ გაცილებით გვიან გავიგე. პატრიარქმა გამოაგზავნა ხალხი, კუბო გახსნეს და ბავშვს წესი ხელმეორედ აუგეს. ისე, თაფლი მართლაც სასწაული ყოფილა. ზურა როგორიც ჩავასვენეთ, ისეთივე დაგვხვდა. უბრალოდ, მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ბავშვი არ იცვლებოდა. არ მინდოდა, იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილი გაიხრწნებოდა, ამიტომ მინდოდა სულ თაფლში ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს აღარ დამიჯერეს – არ შეიძლებაო.
ჩვენ, საქართველოში ერთადერთი ოჯახი ვიყავით, მაგრამ მაკედონელი ხომ თაფლში შენახული გადაასვენეს. სხვათაშორის, თაფლი დროთა განმავლობაში თურმე სანთლად იქცევა და ერთგვარი კაფსულის ფორმას იღებს. ასე მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაშიც, თაფლიდან ამოყვანის შემდეგ ბავშვი ქრისტიანულად დაკრძალეს და მიწა მიაყარეს, მაგრამ ადგილი არ შეუცვლიათ“, – აცხადებს გარდაცვლილი ზურა წიკლაურის დედა ნანა წიკლაური გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თმით, ზურას თვითმკვლელობით გამოწვეული ცოდვა პატრიარქმა თავის თავზე აიღო.
„პატრიარქმა დიდი პატივი გვცა. ზურას ცოდვა თავის თავზე აიღო და დაგვპირდა, რომ მისი სულის გადარჩენისთვის ილოცებდა“, – ამბობს ნანა წიკლაური.

წყარო: kvira.ge

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....