მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალსა და შანტაჟზე საუბრობს.
მოსამართლეები და პაპუაშვილი გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში დაიბარეს, თუმცა პაპუაშვილი უწყებაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება.
მოსამართლეები უწყებაში დღეს დილიდან, ცალ-ცალკე ცხადდებიან. ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მან აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა.
„ჩემთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი. იმ შემთხვევაში თუ პირის მიმართ მართლა ხორციელდება ზეწოლა, პირმა ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარესთან განცხადება გააკეთა, ლეგიტიმური ვალდებულებაა ნებისმიერი ჩვენგანის, გვაქვს ინფორმაცია თუ არა, გამოვცხადდეთ,“- განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.