საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ქართულ მედიასა და პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე პროცესებზე წერს:
„ზეწოლა მედიაზე, ზეწოლა სასამართლოზე, ზეწოლა პრეზიდენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია არჩევნებიდან მეოთხე წელს” – გიორგი გაბუნია, “რუსთავი 2-ის” დღევანდელი “‘არჩევანის” ანონსი… ელოდეთ აპოკალიფსურ სურათს… რეალურად , აი რისი მიღწევა სურდათ ოპონენტებს! ეს სცენარი ხომ დიდი ხანია უფრო ოდესაში იწერება, ამ სცენარის უშუალო მონაწილე ხომ პაპუაშვილიცაა, რომელმაც მოახერხა და საქართველოს პრეზიდენტიც წარმატებით ჩართო ამ საქმეში,(თუმცა დიდი ძალისხმევაც, ალბათ არ იყო საჭირო, ის კარგა ხანია, ბუნებრივი მოკავშირეა ხელისუფლების მოწინააღმდეგეების) მე მივდივარ სექტემბერში და ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო -როგორც ჩანს, ასე ფიქრობს და აზროვნებს უმაღლესი “კონსტიტუციონალისტი”! მიზანი- ცხადი და ნათელი: სასამართლო ხელისუფლების, სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურის, მთლიანად საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, დაზიანება, იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში დაუცველობის და ნიჰილიზმის დანერგვა, პროკურატურის კანონიერი მოთხოვნის იგნორირებით სამართლის და წესრიგის მიმართ დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება, რაც მთავარია, უნდობლობა! რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მათში ეჭვის შეტანა, მათ შორის “რუსთავის-2ის” საქმეზე სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების არცნობა და უკანონოდ წარმოჩენა, მინიმუმ, აი, ამას ცდილობს პაპუაშვილი, და იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს მეთაურმა სათანადო პასუხისმგებლობით გაიაზროს ეს ყველაფერი, იყოს კონსტიტუციის, ქვეყნის სტაბილურობის დაცვის გარანტი, უაპელაციოდ იზიარებს ამ მზაკვრულ გეგმას. არათუ პროკურატურასთან თანამშრომლობისა და ყველა მტკიცებულების(ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში) სამართალდამცავ უწყებაში წარდგენისკენ მოუწოდებს სასამართლო ხელისუფალს, არამედ ცეცხლზე ნავთს ასხამს და ავითარებს ასეთ ლოგიკას- მე მჯერა შენი, რადგან ჩემს ნათესავზეც ზეწოლა იყო, ოღონდ ერთი თვის წინ და მადლობა, რომ გამახსენეო. არ ვარგა ასე ბატონებო, თქვენს სიტყვას უსმენს ყველა შინ თუ გარეთ, ასეთი განცხადებებით ვერ გახდება ჩვენი ქვეყანა ვერც საინტერესო, ვერც მიმზიდველი არათუ უცხოელებისთვის, ინვესტორებისთვის, ბიზნესისთვის, არამედ არც აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის, რაზეც ასე ხმამაღლა საუბრობდა დღევანდელ ამბასადორიალზე ბატონი პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესებს ცუდად ეთამაშებით, უფრო ფხიზლად მეგობრებო!“-წერს მანანა კობახიძე.