ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რატომ აპირებდა ოთარ მამფორია ცოლ-შვილის მკვლელობამდე სამი კვირით ადრე სახლთან ვიდეოთვალის დაყენებას? ვისი ეშინოდა ოჯახს? რა ახალი მტკიცებულება ამოიღო გამოძიებამ და რას უყვება „პრაიმტაიმს“ მოწმე, რომლის ჩვენებაც შესაძლოა, საქმის გახსნის საფუძველი გახდეს.
სტატიის მიხედვით, გარდაცვლილმა ნინა რომანაძემ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „თუ გემუქრებიან, ესეიგი მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ესეიგი მათ არ გაუმართლათ“.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში მამფორიების ოჯახს, მართლაც, რაღაცის ეშინოდა. გამოცემასთან საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე ოთარ მამფორია ადასტურებს, რომ სახლთან ვიდეოკამერის დაყენების სურვილი ჰქონდა. „სახლში ფული მქონდა და ვფრთხილობდი, არავინ შესულიყო“,-ამბობს მამფორია, თუმცა აქვე ცნობილი გახდა, რომ მას რამდენიმე ათასი დოლარი სახლში გასულ წელსაც ჰქონდა.
რატომ გადაწყვიტა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მაინცდამაინც მკვლელობამდე სამი კვირით ადრე და უკავშირდება თუ არა ეს მის საქმიანობას?
ცნობილია, რომ მამფორია ავტოსამრეცხაოში მუშაობს. მასთან გასარეცხად ხშირად მიჰყავთ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანები, რომელთაც რუსთავის ავტობაზრობაზე ყიდიან. ასე დაუახლოვდა ოთარ მამფორია ამ ბიზნესში ჩართულ აზერბაიჯანული ეროვნების რამდენიმე მამაკაცს.
ერთ-ერთ მათგანს კი 21 თებერვალს, მკვლელობის წინა დღეს 1300 დოლარიც ასესხა, საიდანაც, როგორც თავად ამბობს, გარკვეულ მოგებას თვითონაც ნახავდა.
ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილის მეუღლეს ახლაც რაღაცის ეშინია, რის გამოც სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს.
„რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანელებთან ჰქონდა ურთიერთობა, მანქანებით ვაჭრობდა ოთარიც, მაგრამ ბოლო პერიოდში მიატოვა. მგონი, ზარალი ნახა. ზუსტად არ ვიცი. ნონას არაფერი უთქვამს, რომ ეშინოდა რამის, თუმცა მერე გავიგე, რომ ვიდეოთვალის დაყენებას აპირებდნენ. რადგან ასეა ალბათ რაღაცის შიში ჰქონდათ. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ადრე ღიას ტოვებდა ხოლმე. როცა ჩავდიოდი, არც ვაკაკუნებდი, პირდაპირ შევდიოდი ყავის დასალევად.
აზერბაიჯანელებს ჩამოჰყავთ მანქანები, ოთართან არეცხინებდნენ. თუ ოთარს მოეწონებოდა, თავად იყიდდა და ცოტას მოუგებდა. ასე ვიცი მე“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეზობელმა თამარ ჯანჯღავამ.
ოთარ მამფორია მკვლელობის მის საქმიანობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, მის მეუღლეს რომ კარი ჩაეკეტა, თავად აფრთხილებდა, რადგან სახლში 12 ათასი დოლარი ინახებოდა.
გარდა ამისა, გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ყავის ჭიქაში, რომელიც სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილიდან ამოიღეს, ჭიქაში კონიაკთან გაზავებული ყავა იყო ჩასხმული. სვამდა თუ არა ასეთ ყავას გარდაცვლილი, მსგავსი შინაარსის კითხვა მეუღლეს გამოძიებამაც დაუსვა. მამფორია გამორიცხავს, რომ მის მეუღლეს კონიაკთან გაზავებული ყავა დაელია.
აღნიშნულს ახლობლებიც გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ყავა მკვლელისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნონასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, ვინც კონიაკთან გაზავებულ ყავას სვამდა. გარდაცვლილის ნათესავი რომან კონცელიძე ირწმუნება, რომ პირადად ჰყავდა ნანახი ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ვინაობას გამოცემა შეგნებულად არ ასახელებს, ვინც ნონასთან კონიაკიან ყავას სვამდა.
„ნონა საერთოდ არ სვამდა კონიაკიან ყავას. ასე რომ იყოს, ექსპერტიზა მის ორგანიზმში ალკოჰოლის არსებობას დაადასტურებდა. მე პირადად ვარ მომსწრე, ვინ სვამდა მასთან სტუმრობისას ასეთ ყავას. ეს არის ერთ-ერთი ახლობელი, რომელიც უცხოეთში იმყოფება. პირადად მე ორჯერ მყავს ნანახი. როდესაც ნონამ ყავა შესთავაზა – ხომ იცი, როგორიც მიყვარსო და ნონამ ჭიქაში კონიაკი ჩაუსხა. ეს მაქვს საკუთარი თვალით ნანახი.
გამოძიება ამ თემით არ დაინტერესებულა, როდესაც მე ჩვენება მივეცი. მეც ახლა გავიგე, რომ მკვლელობის ადგილიდან კონიაკიანი ყავა ამოიღეს“,-განაცხადა რომან კონცელიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ერთ-ერთი ნათესავი, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე გარდაცვლილს ფულს სთხოვდა, რაზეც მან უარი მიიღო. მკვლელობიდან მეორე დღეს კი უცხოეთში გაფრინდა.