თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, რომელიც მან ჟურნალისტებს მიაწოდა, თურქეთში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან:
”აქ ძირითადად შეტევები იყო სახელმწიფო დაწესებულებებზე – სამინისტროზე, პარლამენტზე, სადაც რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს, სახელმწიფო ტელევიზიაზე და სხვადასხვა სამხედრო დაწესებულებებზე. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ამჟამად ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები არ არიან”, – განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.
ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.
სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია“, – ნათქვამიას შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

