საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რომლებიც განვითარდა თურქეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ვადევნებთ თვალს და ვაკონტროლებთ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად მოქმედებს ცხელი ხაზი ანკარაში ჩვენს საელჩოში, ასევე ჩვენი გენერალური საკონსულო სტამბოლში მუშაობს მუდმივ რეჟიმში და კონტაქტზე არის საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. ჩვენ მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ჩვენს საელჩოს, ასევე გენერალურ საკონსულოს იმ ცხელ ხაზზე, რომელიც უკვე გავრცელებულია ჩვენი განცხადების მეშვეობით. რაც მთავარია, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და იქნება მშვიდობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში.
მოქალაქეები უკავშირდებიან საელჩოს, უკავშირდებიან ასევე გენერალურ საკონსულოს, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომელიც საფრთხის შემცველია ან უკავშირდება რაიმე პრობლემას ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ცხელი ხაზი მუშაობს, არსებობს მუდმივი კონტაქტი ჩვენს მოქალაქეებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველგვარი პრობლემა თავიდან იქნება აცილებული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე რაც შეიძლება მალე თურქეთში სიტუაცია დასტაბილურდება. გარკვეული პანიკა იყო, აეროპორტებში მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ფრენების გადადების გამო… რა თქმა უნდა, სიტუაცია არის შემაშფოთებელი, ამისთვის არის მიზანშეწონილი, რომ ჩვენმა ყველა მოქალაქემ, რომელიც დღეს თურქეთში იმყოფება, თავი შეიკავოს ზედმეტი გადაადგილებისგან და მაქსიმალურად იყოს კონტაქტზე ჩვენს საელჩოსთან, ასევე გენერალურ საკონსულოსთან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ცხელ ხაზს. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება”, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პარალელურად, ქორეოგრაფიული ანსამბლების „ქართული გენის“ და ”გორდას” წევრების მშობლები შვილების საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ითხოვენ. მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ბულგარეთში 10-დღიან გასტროლებზე იმყოფებოდნენ. 15 ივლისს ისინი ბულგარეთიდან ავტობუსით წამოვიდნენ და ამჟამად თურქეთში, სტამბოლიდან 70 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. როგორც მშობლები აცხადებენ, ბავშვებს ამოეწურათ საკვებისა და წყლის მარაგი, ერთ-ერთ მოზარდს ბულგარეთში მიღებული ფეხის ტრამვის გამო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ასევე ორ მოზარდს ნერვიულობის ნიადაგზე ტემპერატურის აწევა აღენიშნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით სტამბოლში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც ანსამბლის წევრებთან, ისე მათი გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლებთან:
„არსებული ინფორმაციით, რასაც საკონსულო იუწყება, სტამბოლში საგზაო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი და გადაადგილება არის უსაფრთხო. ამის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიან იმ კომპანიას, რომელსაც გადაჰყავს ანსამბლის ბავშვები. ისინი გადაწყვეტენ და დაიძვრებიან სტამბოლის მიმართულებით. სტამბოლში მათ დახვდებათ გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კავშირზე იმყოფებიან ანსამბლის წარმომადგენლებთან და გადამყვან კომპანიასთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.