საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რომელიც მან უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი დაკეტილი:
„უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა საქართველოსთვის მომდინარეობდეს ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ შეექმნას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და გავაანალიზეთ სუს-ისა და შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დილამდე დავაკვირდებით მოვლენებს, ამ დროისთვის კი, ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ თურქეთის მიმართულებით, საჰაერო საზღვარი კი ამ დროისთვის ჩაკეტილია – ფრენები არ ხორციელდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება „საზღვრებთან დაკავშირებით ცვლილებას მოახდენს“.
ამავდროულად, პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება, თურქეთის მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ:
„ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მოქალაქეებს, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება და დიდი იმედი მაქვს, საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მგზავრობისგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. თურქეთის მიმართულებით მგზავრობა მიზანშეწონილი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია იქ ჯერჯერობით სტაბილური არ არის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჯანყება ჩახშობილია.