„ალკოჰოლის ტესტზე შემოწმება ყველა სამარშუტო ტაქსის მძღოლის ვალდებულებაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ის ამით სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა.
თბილისის მერის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსი“ კერძო კომპანიაა, რომელიც თავად არეგულირებს მძღოლებთან ურთიერთობას.
„ახლა უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი დარეგულირდა. მომდევნო კვირას კიდევ გაიმართება შეხვედრა კერძო კომპანიასა და მძღოლებს შორის. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, როგორც მესამე მხარე, მოლაპარაკებაში ჩართულია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომპანია ”თბილისის მირკოავტობუსი” კი 32 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლს საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მძღოლმა ალკოტესტის გავლაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, დღეს მიკროავტუბუსების ნაწილი გაიფიცა. მათი თქმით, დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ მძღოლს ხელი დაარტყა. დაცვის თანამშრომელი მძღოლს ალკოჰოლზე ამოწმებდა, თუმცა ეს შემოწმება რამდენჯერმე გაგრძელდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა – დაცვამ ხელი დაარტყა. მძღოლები დამოკიდებულების შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ გაფიცვა გაგრძელდება.