საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მწუხარება გამოთქვა საფრაგეთში, ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო. მისი თქმით, ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს.
“შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა.
წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას.
ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.
მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიცაში გუშინ საღამოს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.