ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს რამდენიმე საათში პირველი გამოხმაურებები მსოფლიოს ლიდერებისგან მოჰყვა.
“სასტიკი ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა” – ასე შეაფასა მომხდარი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში და ამერიკელი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა საფრანგეთს.
ჯონ ქერიმ კი, რომელმაც ბასტილიის დღე გუშინ პარიზში აღნიშნა, ფრანგი ხალხის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და დაამატა, რომ შეერთებული შტატების საელჩო ნიცაში მყოფი ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
ვაშინგტონი მზად არის გამოძიების პროცესში დახმარების აღმოსაჩენად. მომხდარს მონღოლეთიდან გამოეხმაურნენ აზია-ევროპის შეხვედრაზე მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მათ შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ ტელე მიმართვაში განაცხადა.
“საფრანგეთი გარდაცვლილებს გლოვობს. ეს ძალიან მძიმეა, თუმცა, ჩვენ იმ ფანატიკოსებზე ძლიერები ვართ, ვინც თავს გვესხმიან. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თვის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ჩვენ უკიდურესი ძალადობის მოწმე გავხდით და ნათელია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ რეალურ ძალასა და სამხედრო მოქმედებებს სირიასა და ერაყში,” – აცხადებს ოლანდი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიზისული ცენტრია შექმნილი. მინისტრმა ბერნარდ კაზენოვმა კომენტარისგან არ დაადასტურა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სატვირთოს სალონში ეროვნებით ტუნისელი, ნიცაში მცხოვრები მამაკაცის აID ბარათი აღმოაჩინეს. მისი თქმით, თავდამსხმელის ვინაობას გამოძიება ადგენს.
“ამ დროისთვის 80 ადამიანია დაღუპული, ათობით კი დაშავებული. ამჟამად მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიკაცია. ჩვენ ბრძოლას ვუცხადებთ ტერორისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ თავს დაგვესხან და ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე ძალადობრივი გზები სგამოიყენონ,” – საფრანგეთის შსს მინისტრმა, ბერნარდ კაზენოვნმა.
შეგახსენებთ, ნიცაში ბასტილიის სღეს აღნიშნავდნენ, სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო.
პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.